აშშ  გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.  პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა და აღნიშნული  პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.  „ეს გადაწყვეტილება ევროპაში ჩვენი სამხედრო განლაგების საფუძვლიანი მიმოხილვის შედეგია“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.   აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავდა.   ცნობსითვის,  მანამდე  გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა   განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის“.  პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ბოლოდროინდელი რიტორიკა „უადგილო და ხელის შემშლელი“ იყო.     “ აშშ-ის მიერ გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანა მოსალოდნელი იყო, “ – ამის შესახებ   კი   გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.  ბორის პისტორიუსის  თქმით, ევროპაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა, განსაკუთრებით გერმანიაში, ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება.   როგორც  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. „მოსალოდნელი იყო,  რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, მათ შორის გერმანიაში. ბოლო ცნობებით, საუბარია დაახლოებით 5 000 სამხედროზე, მაშინ როცა გერმანიაში მთლიანობაში თითქმის 40 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული“, – აღნიშნა პისტორიუსმა.   ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.