“ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ, რათა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება აღდგეს,”  – ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. ცენტრალური სარდლობის ეს მხარდაჭერა მოიცავს 15 000 პერსონალს, მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს და 100-ზე მეტ თვითმფრინავს. „ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერა აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ საზღვაო ბლოკადას“, – განაცხადა ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.   ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  განცხადებით, აშშ  4 მაისიდან   ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. მისი მტკიცებით, „ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში“, სთხოვა აშშ-ს გაეთავისუფლებინა გემები, რომლებიც სრუტეში არიან „ჩაკეტილი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაციას „პროექტი თავისუფლება“ უწოდა.  „თუ რაიმე ფორმით ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, სამწუხაროდ, ამ ჩარევაზე ძალისმიერი რეაგირება მოგვიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.

    ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელის ებრაჰიმ აზიზის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.   „ჰორმუზის სრუტის ახალ საზღვაო რეჟიმში ნებისმიერი ამერიკული ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება“, -დაწერა  აზიზიმ X-ზე.    

ირანის სამხედრო ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის განცხადებით,  კი   აშშ-ის ან სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შევლენ.  მან  ხაზი გაუსვა, რომ ირანული ძალები „მკაცრად უპასუხებენ“ ნებისმიერ საფრთხეს და კომერციულ გემებსა და ნავთობტანკერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან ირანის სამხედროებთან კოორდინაციის გარეშე.