“რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „გუშინ, ღამით რუსეთის არმიამ განაგრძო უკრაინის პოზიციებზე თავდასხმა. დილის 07:00 საათის მონაცემებით, ფრონტის გასწვრივ არსებულ პოზიციებზე 140-ზე მეტი სროლა დაფიქსირდა. რუსებმა ღამით ათი თავდასხმის ოპერაცია განახორციელეს, რომელთა უმეტესობა სლავიანსკის მიმართულებით იყო. ასევე სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებით 850-ზე მეტი დარტყმა დაფიქსირდა“, – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის სიმბოლური მცდელობაც კი არ ყოფილა. „როგორც ბოლო 24 საათის განმავლობაში გავაკეთეთ, უკრაინა დღესაც ანალოგიურად უპასუხებს. დავიცავთ ჩვენს პოზიციებს და ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და ამას ყველა ნამდვილად დაინახავს მაშინ, როდესაც მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება. დიდება უკრაინას“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა და 10 მაისამდე გაგრძელდება.