“ გუშინ დააკავეს ძალოვანი სტრუქტურების ხუთი წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალი ედებათ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას კონკრეტულ პირებზე ძალადობაში, “ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი  შეფასებით, ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხელწერის და სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი – შესაბამისი პირების დაკავება. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება“, –  განაცხადა პრემიერმა.   ცნობისთვის,  პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხებეიშვილისა   და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ  შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.  ამასთან,  პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.