დღეს ევროპის საბჭო მოლდოვაში 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ სხდომას მართავს. მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას გახსნის მაია სანდუ, ხოლო განხილვების მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოება, რუსეთის აგრესიის შედეგები და რეგიონული სტაბილურობა იქნება.
ევროპის საბჭოს ინფორმაციით, მინისტრები განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, ომის შემდგომ პასუხისმგებლობის საკითხსა და უკრაინის აღდგენის პროცესს დაუთმობენ. პარალელურად, დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიგრაციის პოლიტიკა და ევროპის საბჭოს როლი განიხილება, რაც 2025 წლის დეკემბერში გამართული მინისტრთა კონფერენციის გაგრძელებად მიიჩნევა.
სესიას საქართველოდან დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი.
მინისტერიალი იმ ფონზე იმართება, როდესაც ქართული მედიის საკითხიც ყურადღების ცენტრში მოექცა. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მოლდოვამ ქართულ მაუწყებლებს — „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ — სესიაზე აკრედიტაციაზე უარი უთხრა, რის გამოც ისინი მინისტრთა კომიტეტის სხდომის გაშუქებას ვერ შეძლებენ.
მოლდოვაში მიმდინარე შეხვედრა ევროპის საბჭოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზაცია ცდილობს, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მიგრაციული გამოწვევების ფონზე ევროპული თანამშრომლობის ახალი პოლიტიკური ჩარჩო გამოკვეთოს.