ფრანგული შანსონის ისტორიაში არსებობს მელოდიები, რომლებიც დროსა და სივრცეს აუქმებენ. ისინი კონკრეტული ეპოქის, განწყობისა და კულტურის სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ. ზუსტად ასეთია შარლ აზნაურის 1965 წლის შედევრი „La Bohème“ –  სიმღერა, რომელიც მონმარტრის ექსცენტრიულ, თავისუფალ და ნოსტალგიურ სულს აცოცხლებს, თუმცა მისი დაბადება დიდ მუსიკალურ სკანდალთან და დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული.

სიმღერის შექმნის ისტორია

1965 წელს გამოშვებული „La Bohème“ ფრანგული შანსონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება. სიმღერა შექმნეს შარლ აზნაურმა და ტექსტის ავტორმა ჟაკ პლანტმა.

ნაწარმოები მონმარტრში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანის ისტორიას გვიყვება, რომელიც წლების შემდეგ ნოსტალგიით იხსენებს სიღარიბით, სიყვარულითა და შემოქმედებითი თავისუფლებით სავსე ცხოვრებას.

სკანდალი სიმღერის გამოშვებამდე

თავდაპირველად „La Bohème“ ოპერეტა Monsieur Carnaval-ისთვის შეიქმნა და იგი    ფრანგ მომღერალს ჟორჟ გეტარს უნდა შეესრულებინა. თუმცა, გენერალურ რეპეტიციებამდე, აზნაურმა სიმღერა თავად ჩაწერა და გამოსცა.

ამ ფაქტმა ორ არტისტსა და მათ მუსიკალურ ლეიბლებს – Barclay Records-სა და Pathé-Marconi-ს შორის –  სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია. მოგვიანებით მხარეები მწერალ ფრედერიკ დარის შუამავლობით შერიგდნენ.

საერთაშორისო წარმატება

სიმღერა მალევე საერთაშორისო ჰიტად იქცა. საფრანგეთის ჩარტებში პირველ ადგილზე ავიდა, არგენტინაში მესამე პოზიცია დაიკავა, ხოლო ბრაზილიაში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

„La Bohème“-ის პოპულარობა სწრაფად გავრცელდა ევროპის, ლათინური ამერიკისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ სივრცეშიც. მხოლოდ საფრანგეთში სიმღერის გაყიდვებმა 200 ათას ეგზემპლარს გადააჭარბა.

წლების განმავლობაში „La Bohème“ მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ცნობილი მომღერლის რეპერტუარში მოხვდა, თუმცა სიმღერის ყველაზე დასამახსოვრებელი შესრულება დღემდე თავად შარლ აზნაურს ეკუთვნის.