საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კანონპროექტი 79 ხმით, ერთხმად მიიღეს.
ცვლილებების მიხედვით, ტურისტული სფეროს წარმომადგენლებისთვის – ტურისტული გიდებისთვის, ტუროპერატორებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და ტურაგენტებისთვის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია-ს სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამავე დროს, ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაცია მათთვის ნებაყოფლობითი იქნება.
კანონპროექტი ასევე ამკაცრებს სანქციებს. ტურისტული საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე 500-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში თანხა 1 000 ლარამდე გაიზრდება.
მკაცრდება წესები ე.წ. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმართულებითაც. შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ასეთი მომსახურების გაწევა 3 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი სანქცია 6 000 ლარი იქნება. ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 1 500-ლარიანი ჯარიმა, განმეორებით დარღვევაზე კი – 3 000 ლარი.
კანონში იცვლება ტერმინოლოგიაც -ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლის ნაცვლად, გამოყენებული იქნება ახალი განსაზღვრება – „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი“. ამ საქმიანობების ჩამონათვალსა და მათი განხორციელების წესებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
ცვლილებების ნაწილი შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება, რა პირობებით შეძლებენ უცხოელი მოქალაქეები საქართველოში ტურისტული გიდისა და რისკის შემცველი მომსახურებების გაწევას.
საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სანქციებთან დაკავშირებული ნორმები ძალაში 2027 წლიდან შევა.
კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან.