უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, წერილით მიმართა და უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მწვავე დეფიციტის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერილში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობაზე. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა პარტნიორების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ხოლო ბალისტიკური საფრთხეების მოგერიების მიმართულებით ქვეყანა თითქმის სრულად აშშ-ის დახმარებას ეყრდნობა.
„როდესაც საქმე რაკეტებისგან საჰაერო თავდაცვას ეხება, ჩვენ ჩვენს მეგობრებზე ვართ დამოკიდებული. ხოლო როდესაც საქმე ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ეხება, ჩვენ თითქმის მთლიანად აშშ-ზე ვართ დამოკიდებული“, – აღნიშნულია წერილში.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მიუთითებს, რომ NATO-ს „PURL“ პროგრამის ფარგლებში იარაღის მიწოდების ტემპი არსებული საფრთხეების ფონზე საკმარისი აღარ არის.
ზელენსკი ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და ქვეყანას მიაწოდოს დამატებითი Patriot PAC-3 რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„უკრაინელი ხალხის სახელით, აშშ-ის პრეზიდენტსა და კონგრესს პატივისცემით ვთხოვ, პროცესში ჩართულები დარჩნენ და დაგვეხმარონ რუსული ტერორისგან დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის – Patriot PAC-3 რაკეტებისა და დამატებითი სისტემების უზრუნველყოფაში, რათა რუსული ბალისტიკური რაკეტები და სხვა სარაკეტო თავდასხმები შევაჩეროთ“, – წერს ზელენსკი.