რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვა განცხადებით, რუსეთმა სომხეთს ოფიციალურად აცნობა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესს.

ზახაროვას თქმით, რუსეთის საელჩომ სომხეთში, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის წერილი.

მისი განცხადებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს, რუსულმა მხარემ შესაძლოა შეაჩეროს ან ცალმხრივად გააუქმოს 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმება.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბუნებრივი ალმასის მიწოდების სფეროში თანამშრომლობას ეხება.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, რუსული მხარე შეაჩერებს ან ცალმხრივად გააუქმებს 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.