ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, კლინიკა დატოვა, რადგან მისი მდგომარეობა სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ლოცულაშვილმა კლინიკას თავად, ღამის 02:00 საათზე მიმართა.

მისი თქმით, პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტმა, მათ შორის ტრავმატოლოგმა და ნევროლოგმა გასინჯა. ექიმის განმარტებით, ლოცულაშვილს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ზედაპირული დაზიანებები იყო და არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას. რაც შეეხება დაზიანებების ხარისხსა და სიმძიმეს, ამაზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს,“ — განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, გორი-ში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ადვოკატის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.