საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი „ბიძინა ივანიშვილის წინაშე შიშვლდება“ მოლაპარაკებების მოთხოვნითა და პატიმართა შეწყალების თხოვნით.

სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ჰუმანიზმს სისუსტედ აღიქვამს და მისი თქმით, „დიქტატორზე“ არანაირი მუდარა არ მოქმედებს.

„რაც მეტს ვიხვეწებით, მით ვერაფერს მივიღებთ. ეს ხვეწნა-მუდარა მხოლოდ სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს დიქტატორს. უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა,“ – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე იხსენებს 25 მაისის სასამართლო პროცესს და აცხადებს, რომ სხდომაზე მის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია განხორციელდა. მისი თქმით, პროცესზე მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს, რის შემდეგაც ბადრაგებთან დაპირისპირება მოხდა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ წინააღმდეგობის ორგანიზებული ფორმები უნდა შექმნას და არ დაელოდოს ქვეყნის „გათავისუფლებას უცხოეთიდან“.

„ერთადერთი, რითაც შევძლებთ თავის დახსნას, არის გაბედული ადამიანების მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობა,“ – აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, წინააღმდეგობა უნდა მიმდინარეობდეს როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.