პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გორში პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე ხელისუფლების რეაგირება მყისიერი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გავრცელებული კადრები მძიმე სანახავი იყო როგორც მისთვის, ისე საზოგადოებისათვის.

„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა საქმე და უკვე დაკავებულია ექვსი პირი. შემდეგ გაგრძელდება გამოძიება და დადგინდება, რა მოხდა რეალურად“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები საერთაშორისო პრაქტიკაშიც გვხვდება, თუმცა მთავარი განსხვავება, მისი შეფასებით, რეაგირების სისწრაფეშია.

„მსგავსი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება. ჩვენ ვნახეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები, სადაც არც გამოძიება დაწყებულა და არც დაკავებები ყოფილა. საქართველოში კი რეაგირება მყისიერია“, – აღნიშნა მან.

ზარქუამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქმე უკვე სამართლებრივ რეჟიმშია და საბოლოო შეფასებას გამოძიება გააკეთებს.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალი 333-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც ძალადობით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც 353-ე მუხლით.