უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით და მთლიანად დაამტკიცა კანონპროექტი სესხის ხელშეკრულებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ, რომელიც ევროკავშირისგან მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 298 დეპუტატმა დაუჭირა.

დოკუმენტი უკავშირდება ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ნაწილს – 8.35 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის მიღებაც უკრაინის მიერ გარკვეული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

მემორანდუმს ხელი 20 მაისს ბრიუსელში მოეწერა, ხოლო სესხის ხელშეკრულება 27 მაისს გაფორმდა.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინამ დახმარების პირველი ტრანში – 3.2 მილიარდი ევრო , შესაძლოა ივნისის შუა რიცხვებში მიიღოს.

ამასთან, სრული ფინანსური პაკეტის მისაღებად უკრაინას მოუწევს დამატებითი რეფორმების გატარება, მათ შორის კანონის უზენაესობის გაძლიერება და ანტიკორუფციული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ მოთხოვნები ე.წ. „კაჩკა-კოსის 10 პუნქტის“ გეგმის ნაწილს ეფუძნება, რომელიც ინსტიტუციური რეფორმების ჩარჩოს წარმოადგენს.