პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტი მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა არ არის და სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.
მისი შეფასებით, საქმე ეხება „სისტემურ დანაშაულს“, რომლის გამოსწორება მხოლოდ რამდენიმე პირის დაკავებით ვერ მოხდება.
„საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც ერთი და ორი პირის საჩვენებლად პასუხისგებაში მიცემა ვერ უშველის“, – განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ სამართალდამცავი სისტემაში სერიოზული პრობლემებია და მოქალაქეებისთვის ეს ქმნის უსამართლობის განცდას.
სიორიძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა საქმე უფრო მძიმე მუხლით, მათ შორის წამების კვალიფიკაციით გადაკვალიფიცირდეს, რაც მთლიან საგამოძიებო პროცესს შეცვლიდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ გადაცდომას, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, პრობლემა უფრო ფართოა.
„საქართველო გადაიქცა პოლიციურ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ მოქალაქეების მიმართ თვითნებობისა და ძალადობის შემთხვევები სისტემურ ხასიათს ატარებს.
სიორიძის თქმით, ასეთ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესაბამისმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავრობის ხელმძღვანელობამაც.
ცნობისთვის, გორში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს დაზარალებულის მიმართაც 353-ე მუხლით.