ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე შესაძლო მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის თემასაც დააყენებს.

კვიპროსში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხედვა რუსეთის მიმართ საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემას ეფუძნება.

მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებას გაამახვილებს იმ შეთანხმებებზე, რომლითაც რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„თუ შეთანხმებაში აისახება მოთხოვნები უკრაინის მიმართ, მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს“, – განაცხადა კალასმა.

ევროპელი დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული სამხედრო ძალები არ იმყოფებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ასევე არ ერეოდნენ სხვა სახელმწიფოების არჩევნებში.

კალასის თქმით, ეს მიდგომა შესაძლოა მაქსიმალისტურად შეფასდეს, თუმცა, მისი განცხადებით, მსგავსი მიდგომით მოქმედებს თავად რუსეთიც, რომელიც მოლაპარაკებებში მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს.