სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ აცხადებს, რომ გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობა ქვეყანაში პოლიციური ძალადობისა და დაუსჯელობის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად ძალადობისა და დაშინების ინსტრუმენტად იქცა, რამაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დააზიანა.

„გორში მომხდარი სასტიკი ძალადობა კიდევ ერთი მძიმე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში პოლიციური ძალადობა სისტემურ სახეს ატარებს და ქვეყანაში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე შეფასებით, არსებული ვითარება განსაკუთრებით უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შექმნილ გარემოს, რასაც, ორგანიზაციის თქმით, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობაც დაემატა.

კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაუსჯელობის განცდა ძალადობის განმეორების საფუძველს ქმნის და ცალკეულ სამართალდამცავებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

ორგანიზაცია მოითხოვს:

  • გორში მომხდარ ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას;
  • 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას;
  • იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებასაც, რომლებიც, მათი შეფასებით, წლების განმავლობაში ძალადობრივ პრაქტიკებს ხელს აფარებდნენ.

ამასთან, კამპანიის ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათზე, გორში საპროტესტო აქცია გაიმართება.