შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან გორში მომხდარი ინციდენტის სრულყოფილად გამოსაძიებლად.
როგორც დარახველიძემ განაცხადა, საქმეზე უკვე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 მოქმედი თანამშრომელი.
„სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – აღნიშნა მან.
დარახველიძის თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო პრევენციული ღონისძიება, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა მოქალაქე გადაამოწმეს, თუმცა მისი განცხადებით, მოქალაქე პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ერთ-ერთ პოლიციელს ქვა ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცავი დაშავდა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაზარალებული პოლიციელი ამ დრომდე მკურნალობს.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამასთან, დარახველიძემ განაცხადა, რომ ორივე საქმე , როგორც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ისე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი , საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.