პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მიმართა და პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიმართულების საკითხზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება იყო.
მისი თქმით, აკადემიაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ასევე მზადდებოდა სადოქტორო მიმართულების დანერგვაც, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა.
„მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს შს სამინისტროს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიმართულება რომ არ არის და ამ მიმართულებას მინისტრი თავიდან აწყობს, თქვენი გაქცეული ლიდერის გიორგი გახარიას დამსახურებაა“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის თავად ხელმძღვანელობდა პოლიციის აკადემიას და ამ პერიოდში ვითარდებოდა სპეციალიზებული საპოლიციო განათლების სისტემა, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით.
მისივე თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო მიმართულების გაუქმების შემდეგ სისტემა თავიდან ფორმირების პროცესშია.
„დღეს თავიდან იწყება მთელი იმ სისტემის აწყობა, რასაც შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს და განათლების მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.