პარლამენტში ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა ხელისუფლება განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განათლების სფეროში ექსპერიმენტებს ატარებს.

მისი თქმით, რეფორმების პროცესში ჩართული არიან არაკომპეტენტური პირები, რის შედეგადაც სისტემა სტუდენტებისთვის არაპროგნოზირებადი ხდება.

„ოცნებამ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს საუკეთესო ექსპერტებმა“, – განაცხადა ხვედელიანმა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკულად მოიხსენია.

დეპუტატის შეფასებით, არსებული მოდელი სტუდენტებს უქმნის სირთულეებს, მათ შორის საცხოვრებელი და ფინანსური პირობების კუთხით, ხოლო განათლების ხარისხი არასათანადოა.

მისივე თქმით, ახალგაზრდები ხშირად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ და სწავლის პარალელურად მუშაობაც უწევთ, რაც სისტემურ პრობლემად უნდა განიხილებოდეს.

ხვედელიანმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს სტუდენტების რეალურ საჭიროებებს და აქცენტს არასწორ მიმართულებებზე აკეთებს.

„დღეს თუ რამე დგას სტუდენტსა და ღირსეულ მომავალს შორის, ეს არის ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკა“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში განათლების მინისტრი გივი მიქანაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.