უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური დახმარების ნაწილს შვედური Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად გამოიყენებს.
ზელენსკიმ ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს ოდენობის თანხაზე, რომელიც 90-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში გამოიყოფა.
ზელენსკის განმარტებით, Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და უფრო ეფექტიანს გახდის ბრძოლას რუსეთის მიერ გამოყენებული რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ.
მისივე თქმით, ეს ავიაცია მნიშვნელოვნად გაართულებს მოწინააღმდეგის საჰაერო ოპერაციებს და გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.