„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ თბილისის მერს, კახა კალაძე მწვავე ბრალდებებით მიმართა და განაცხადა, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
კუპრაძის თქმით, თბილისში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ძალადობასა და მოქალაქეების დევნას.
„თქვენს ქალაქში დაასახიჩრეს ასობით ადამიანი, თქვენს ქალაქში არსებობენ პოლიტპატიმრები, თქვენს ქალაქში საწამებელი „მარშრუტკები“ გყავდათ, ავტობუსებში აწამებდნენ ხალხს. ჟურნალისტებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს სადარბაზოებთან ხვდებოდნენ და სცემდნენ. ნახევარ თბილისს დაურეკეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქციებზე იდგნენ“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისი შეფასებით, აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ და სწორედ ამიტომ, კახა კალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„თქვენ უნდა გადადგეთ, თუ არ გეშინიათ ამ პასუხისმგებლობის აღების. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და თანამდებობის პირებს დრო აფასებს და როგორც ვნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ ციხით ფასდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.