საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობასა და მისთვის ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
საიას განმარტებით, საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის შესაძლო დარღვევას, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვასა და უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვას.
ორგანიზაციის პოზიციით, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მტკიცებულებები, არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი არგუმენტები და გადაწყვეტილებები არასაკმარისი დასაბუთებით მიიღეს.
ამასთან, საია მიიჩნევს, რომ ტროტუარზე შეკრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების ფართო ინტერპრეტაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს კანონის თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქმე, ორგანიზაციის შეფასებით, უკავშირდება პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას და წარმოადგენს უფრო ფართო პროცესის ნაწილს, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვას ემსახურება.
საია ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის ტექნოლოგიური საშუალებების ჩართვა და სასამართლოების პრაქტიკა საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) შექმნას იწვევს, რაც მოქალაქეების მიერ შეკრების თავისუფლების რეალიზებაზე ახდენს გავლენას.