„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანის, ვასო ურუშაძე განცხადებით, თბილისის მერის, კახა კალაძეს მმართველობა წარუმატებელი აღმოჩნდა და დედაქალაქში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზიც სწორედ მისი პოლიტიკაა.

დღევანდელ ბრიფინგზე ურუშაძემ განაცხადა, რომ 2017 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტიდან დახარჯულ დაახლოებით 16 მილიარდ ლართან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს და აღნიშნული საკითხი, მისი თქმით, გამოძიებას საჭიროებს.

„თბილისის ურბანულ კატასტროფას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და ეს გამომწვევი მიზეზები არის კახა კალაძე. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეების, თბილისელების 16 მილიარდი ლარი გაფლანგა. ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა არსებობს კორუფციული გარიგებების თვალსაზრისით და საჭიროა ძალიან დიდი გამოძიება“, – განაცხადა ურუშაძემ.

მისი შეფასებით, წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის საცობები, პარკირების სისტემა, მუნიციპალური ტრანსპორტი, მუნიციპალური სერვისები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

ურუშაძემ ასევე აღნიშნა, რომ კახა კალაძის მიერ სხვადასხვა დროს დაანონსებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დღემდე არ განხორციელებულა.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 22 პროექტი, რომელსაც კახა კალაძე დაჰპირდა დედაქალაქის მცხოვრებლებს, თუმცა არცერთი მათგანი არ შესრულდა“, – განაცხადა მან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თბილისის მერიის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჯარიმების პოლიტიკა იქცა, ხოლო მიღებული შემოსავლების ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.