საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოშის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა.

თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქმე ეხება სქემებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში თავშესაფრისა და ვიზის მიღებაში ყალბი დოკუმენტებითა და ფიქტიური „ქეისების“ შექმნით ეხმარებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ჯგუფმა მოქალაქეებს თავშესაფრის მისაღებად არარსებული დევნის ისტორიების შექმნას სთავაზობდა და სანაცვლოდ რამდენიმე ათას დოლარს ითხოვდა. ასევე მზადდებოდა ყალბი დოკუმენტები, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დასაქმების ცნობები.

პროკურატურის მონაცემებით, დადგენილია 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც აღნიშნული სქემებით სარგებლობა სცადეს. უწყების თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ჯგუფის წევრები ასევე ეხმარებოდნენ კანადის ვიზის მიღებასაც.

მეორე ჯგუფი, გამოძიების მიხედვით, სოციალურ ქსელებში ავრცელებდა შეთავაზებებს აშშ-ის ვიზის მიღებაში დახმარების შესახებ და მოქალაქეებს წინასწარი და შემდგომი საფასურის გადახდას სთხოვდა. მოგვიანებით დოკუმენტების ნაწილი საელჩომ გადაამოწმა და ყალბი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ვიზების ნაწილი გაუქმდა.

პროკურატურის ცნობით, საერთო ჯამში მოქალაქეებისგან მიღებული თანხა ათეულობით ათას დოლარს, ლარსა და ევროში ითვლება.

სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს რამდენიმე პირი და კიდევ რამდენიმე მათგანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის სხვა შესაძლო მონაწილეების გამოვლენის მიზნით.