პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძეს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გორდულაძის თქმით, საქართველო მხარს უჭერს ისეთი პარტნიორობის მოდელს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ორმხრივ ინტერესებს და „ტოლ-სწორად ურთიერთობას“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, აშშ-საც საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვს და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავება სწორედ ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული.

გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს ბოლო განცხადება ადასტურებს ვაშინგტონის კრიტიკულ დამოკიდებულებას იმ პოლიტიკურ ძალებთან მიმართებით, რომლებსაც ის „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს.

მისი შეფასებით, ამერიკული მხარის პოზიცია მიუთითებს, რომ დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებები მიუღებელია საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

საელჩოს ცნობით, აშშ მომავალშიც მზად არის საქართველოსთან ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორმხრივ სარგებელსა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.