დემეტრე ჯინჯოლიამ გიგა ავალიანის საქმის განაჩენის განმარტებისას განაცხადა, რომ სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც არასრულწლოვნების ძალადობისადმი დამოკიდებულებას ასახავს.

მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ადამიანზე, განსაკუთრებით მასწავლებელზე თავდასხმას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდნენ, რაც სასამართლოს შეფასებით, საზოგადოებრივად სახიფათო ტენდენციაა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენზე დაყრდნობით დარწმუნდა ბრალდებულების ბრალეულობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და ყურადღება გაამახვილა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმაღლეს სამართლებრივ ღირებულებაზე.

ჯინჯოლიას განცხადებით, სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებულია დანაშაულის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და არასრულწლოვნების პიროვნება, ხოლო მიზანი მხოლოდ დასჯა არაა – არამედ პასუხისმგებლობის გაცნობიერება და კანონის პატივისცემის გაძლიერება.

მისი თქმით, საქმეში არ დადასტურდა გიგა ავალიანის მხრიდან რაიმე სახის არასწორი ან ზედმეტი ქმედება, რაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ფარგლებს გასცდებოდა.

მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იქცეს გაფრთხილებად ახალგაზრდებისთვის, რათა მსგავსი კატეგორიის დანაშაულები მომავალში თავიდან იქნას აცილებული.