„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში სახელმწიფოს მიერ გაცემული ფულადი დახმარება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღას აღარ დაექვემდებარება.
ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის და მიზნად ისახავს, რომ აღნიშნული სოციალური დახმარება სრულად მოხმარდეს დედისა და ბავშვის საჭიროებებს.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დახმარება არც აღსასრულებლად მიექცევა და არც მოვალის დავალიანების დასაფარად ჩამოიჭრება.
ამჟამად, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ჯამში 2 000 ლარს შეადგენს.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.