საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონული სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ახალი მონაკვეთის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციას.
მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ საიმედო დერეფანს.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალწლიან თანამშრომლობას აზერბაიჯანისთან, თურქეთისთან, სომხეთისთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან, რაც, მისი შეფასებით, მსგავსი მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველია.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ – განაცხადა კობახიძემ.
პროექტი სამხრეთ კავკასიასა და აზიას ევროპასთან აკავშირებს და რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო დერეფნად მიიჩნევა.