“ურთიერთობები სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. სამართლიანობა აშშ-მ უნდა აღადგინოს და ის გადაწყვეტილებები გამოასწოროს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო,” – ასეთი იყო თბილისის მერის კახი კალაძის პასუხი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვაზე.
კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, შესაბამისი გზამკვლევით დაიწყოს. „როდესაც საქართველოში აშშ-ს დელეგაცია იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად ღიად ისაუბრა. ჩვენი გუნდის პოზიცია იცით – აქ დასამალი არაფერია და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ შესაბამისი გზამკვლევით. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გაგვიკეთებია. ურთიერთობები სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. რადგან სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, აშშ-მ უნდა აღადგინოს სამართლიანობა და ის გადაწყვეტილებები გამოასწოროს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს წინააღმდეგ მიიღო – ეს ყველაფერი ძალიან ცუდი და მძიმე იყო, რადგან ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილსა და სიცრუეზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო – მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე. ახლანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით იმის შესაძლებლობა აქვს, რომ არასწორი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით იყო მიღებული, გამოასწოროს მთავარია, რომ ურთიერთობები დაფუძნებული იყოს სამართლიანობაზე, რაც არის პრინციპული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კონგრესში გამართული მოსმენისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუმბიომ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ი საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს. რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია”. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.
რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.