ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ირანის სამხედრო ობიექტებზე შეტევა. პარალელურად, ქუვეითში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონის პასუხი თეირანის ქმედებებზე „ძალიან ძლიერი და მტკიცეა“.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში მდებარე ალ-აზრაკის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალები არიან განლაგებულნი.

CNN-ის ინფორმაციით, კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაზის მიმართულებით შორი მოქმედების მყარი საწვავის რაკეტები გაუშვეს.

რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გამწვავების ფონზე, ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა.

„ამჟამად ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემები მტრულ საჰაერო სამიზნეებს დამტკიცებული ოპერატიული პროცედურების შესაბამისად იგერიებენ“, – ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.

დაძაბულობას წინ უძღოდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია. CENTCOM-ის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა დაასრულეს „თავდაცვითი დარტყმები“, რომლებიც ირანული მხარის მიერ Apache-ის ტიპის ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა.

ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, სახმელეთო მართვის სადგურებსა და სადაზვერვო რადარებს ზუსტი საბრძოლო საშუალებებით დაარტყეს. ოპერაციაში აშშ-ის საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

ვაშინგტონის შეფასებით, აღნიშნული ქმედება „პროპორციული პასუხი“ იყო რეგიონულ წყლებში ამერიკული ძალებისა და საერთაშორისო გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თეირანი არცერთ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.

„თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი. სპარსეთის ყურის ისტორია მრავალ თავს მოიცავს შემოჭრილი გარეშე პირების სავალალო ბედის შესახებ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინში განთავსებულ აშშ-ის მეხუთე ფლოტზეც განხორციელდა დარტყმა.

მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ABC News-თან საუბარში მან განაცხადა, რომ ამერიკის რეაქცია ირანის მიერ ვერტმფრენის ჩამოგდებაზე „ძალიან ძლიერი“ იქნება.

„მათ ვერტმფრენი ჩამოაგდეს და ჩვენ ვრეაგირებთ. ეს არის პასუხი იმაზე, რაც მათ გააკეთეს. პასუხი ძალიან ძლიერი და ძალიან მტკიცე უნდა იყოს და სწორედ ასეც არის“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ჩამოგდებული ვერტმფრენის ორივე პილოტი უვნებლად გადარჩა, თუმცა, როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.