ორშაბათს დილით, ნავთობის ფასებმა 5%-ზე მეტით დაიწია. ეს კლება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოს დასრულებას და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის დააანონსებას.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეების მიერ გაკეთებული კონკრეტული დათმობების შესახებ დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ბაზარი სწრაფად რეაგირებს ჰორმუზის სრუტის გახსნის პერსპექტივასა და ირანთან საომარი მდგომარეობის დასრულების მოლოდინზე. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოზიცია. ბენიამინ ნეთანიაჰუს სამხრეთ ლიბანიდან ჯარების გაყვანის საკითხზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს.
მსოფლიო ბაზრების რეაქცია:
ევროპა: აშშ-ირანის კონფლიქტის დეესკალაციის ფონზე, ევროპული ბაზრები ზრდით გაიხსნა. „ევრო სტოქს 50“-მა და პანევროპულმა „სტოქს 600“-მა ვაჭრობა 1%-იანი ზრდით დაიწყეს. საფრანგეთის „CAC 40“-მა თითქმის 1.5%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის ინდექსები 0.5%-დან 1%-მდე გაიზარდა.
აშშ: ამერიკულ ბირჟაზე „S&P 500“-ის ფიუჩერსები 2%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ტექნოლოგიურმა „Nasdaq 100“-მა 3%-იანი ზრდა დააფიქსირა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი: აზიურმა ბაზრებმა ღამით მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს. სამხრეთ კორეის „Kospi“ 5%-ზე მეტად გაიზარდა, იაპონურმა „Nikkei 225“-მა დაახლოებით 3%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და ავსტრალიის ინდექსებმა 0.5%-დან 1.5%-მდე მატება განიცადეს.
შეთანხმების ოფიციალური გაფორმება მიმდინარე კვირის პარასკევს იგეგმება.