საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.9%-ით, ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სფეროების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დაფიქსირდა და 5 952.5 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 7.9%-იანი ზრდაა. მაღალი ანაზღაურებით ასევე გამოირჩევა ინფორმაცია და კომუნიკაცია, სადაც საშუალო ხელფასი 4 290.7 ლარს აღწევს (+3.1%), სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 230.4 ლარს (+11.8%), ხოლო პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 186.0 ლარს (+7.1%).
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 901.8 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 836.0 ლარი. წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%), ხოლო კაცებში 234.7 ლარი (9.0%) შეადგინა. უწყების მონაცემებით, საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას აღემატება.
სამეწარმეო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 166.3 ლარით, ანუ 7.7%-ით გაიზარდა და 2 335.9 ლარი შეადგინა. ამ სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში დაფიქსირდა – 4 358.6 ლარი (+2.4%), ხოლო პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში – 3 632.7 ლარი (+6.8%).
ამასთან, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 242.8 ლარით, ანუ 11.2%-ით გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა. აღნიშნულ სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურება კვლავ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს აქვთ.
რეგიონების მიხედვით საშუალო ხელფასის სიდიდით ლიდერები თბილისი და მცხეთა-მთიანეთია.