სამხრეთ კორეაში Starbucks-ის ყველა ფილიალი მომავალ კვირას ნახევარი დღით დაიხურება, რათა თანამშრომლებმა ისტორიის სპეციალურ გაკვეთილში მიიღონ მონაწილეობა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანიის სარეკლამო კამპანიამ საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
სკანდალი მაისში დაიწყო, როდესაც Starbucks Korea-მ „Tank Day“-ის სახელწოდებით მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების აქცია წამოიწყო. კამპანია დაემთხვა გვანჯუს აჯანყების წლისთავს – 1980 წლის მოვლენას, როდესაც სამხედრო ძალებმა პროდემოკრატიული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი ოპერაცია ჩაატარეს. ოფიციალური მონაცემებით, მაშინ სულ მცირე 165 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იყო.
სამხრეთ კორეაში Starbucks-ს ლიცენზიით კომპანია Shinsegae Group მართავს. სკანდალის დღეს კომპანიამ ქვეყნის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯგუფის თავმჯდომარე ჩუნ იონგ-ჯინიც თანამშრომლებთან ერთად გაივლის სპეციალურ ტრენინგს.
კომპანიის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ფილიალი მომავალ ორშაბათს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიხურება და სამი საათის განმავლობაში თანამშრომლები ისტორიული ცნობიერებისა და სოციალური მგრძნობელობის თემებზე სასწავლო პროგრამას გაივლიან. ფილიალები მომხმარებლებისთვის მხოლოდ მომდევნო დღეს გაიხსნება.
ეს იქნება პირველი შემთხვევა 1999 წლის შემდეგ, რაც Starbucks Korea მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად დახურავს ობიექტებს.
„Tank Day“-ის აქცია დაკავშირებული იყო კომპანიის „Tank Series“-ის თერმოჭიქებთან, რომლებიც დიდი მოცულობის ყავისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა საზოგადოების ნაწილმა სახელწოდება და სარეკლამო გზავნილები სამხედრო რეპრესიებთან და ისტორიულ ტრაგედიებთან დააკავშირა.
კომპანიამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხმარებლებისთვის შექმნილი დისკომფორტისა და შეშფოთების გამო წუხს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონგმა კამპანიას „არაადამიანური და სამარცხვინო ქმედება“ უწოდა. სკანდალს საპროტესტო აქციები და ბოიკოტის მოწოდებებიც მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანიამ გაყიდვების შემცირება განიცადა.
შემდგომმა გამოძიებებმა დაადასტურა, რომ 1980 წლის გვანჯუს მოვლენების დროს სამხედროებმა არა მხოლოდ მასობრივი მკვლელობები, არამედ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებიც ჩაიდინეს.
გვანჯუს აჯანყება სამხრეთ კორეის დემოკრატიზაციის გზაზე გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა. ის დემოკრატიული მოძრაობის სიმბოლოდ იქცა და 1987 წლის მასობრივ პროტესტებს დაედო საფუძვლად, რომლებმაც სამხედრო რეჟიმის დასრულება გამოიწვია.
კრიტიკოსების ნაწილი ამტკიცებდა, რომ კამპანიაში გამოყენებული ფრაზა „Tak on the table!“ ასევე უკავშირდებოდა 1987 წლის სტუდენტურ მოძრაობას. კომპანია Shinsegae Group-ის განმარტებით, სლოგანის შექმნისას მარკეტინგის გუნდმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტიც გამოიყენა.
სამხრეთ კორეის ყოფილი სამხედრო ლიდერი ჩუნ დუ-ჰვანი 1996 წელს სახელმწიფო ღალატსა და კორუფციაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. ის 2021 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2018 წელს სამხრეთ კორეის მთავრობამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში გვანჯუში სამხედროების მიერ ქალების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო. მოგვიანებით ბოდიში მოიხადა ყოფილი დიქტატორის შვილიშვილმაც, ჩუნ უ-ვონმა, რომელმაც საკუთარ ბაბუას „ცოდვილი და ჟლეტის ავტორი“ უწოდა და განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდა უფრო ადრე უნდა მოესწრო.