“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტის სტრატეგიული შეცდომაა, რომლითაც სარგებელს მხოლოდ მოსკოვი მიიღებს,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, სოლიდარობის ნიშნად, სიბიგა უარს ამბობს და პოლონეთს დაუბრუნებს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებულ ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქმე არ არის ორდენებში, არამედ დამოკიდებულებაშია. მისივე თქმით, უკრაინა ყოველთვის ემხრობოდა ურთიერთპატივისცემის მიდგომას, მაშინაც კი, როცა რთულ და პრობლემურ საკითხებზე იყო საუბარი. სიბიგას განცხადებით, არსებული დაძაბულობა კონტრპროდუქტიულია და ეს არც უკრაინელებს სჭირდებათ და არც პოლონელებს. „ვწუხვართ, რომ, გადაწყვეტილებების ძიების ნაცვლად, პოლონურმა მხარემ ეს დაძაბულობა მიუღებელ და არაადეკვატურ დონემდე მიიყვანა. ვერცერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გვიკარნახებს ჩვენს ისტორიას“, – განაცხადა სიბიგამ. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და პოლონელები დაუბრუნდებიან თანასწორუფლებიან დიალოგს, რომელიც შეესაბამება ქვეყნებს შორის მოკავშირეობრივ ურთიერთობებს საერთო მტერთან – მოსკოვთან დაპირისპირების ფონზე. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო . როგორც ნავროცკიმ განმარტა, გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე. ამასთან, მისივე თქმით, გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის ცვლილებას არ ნიშნავს.
“პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს,” – ამის შესახებ კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ემოციები უნდა დაიმშვიდონ და დაძაბულობა არ გააღვივონ.