საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მთავრობათაშორისი კომისია შეიქმნა.

კობახიძის თქმით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

პრემიერის განცხადებით, ახლადშექმნილი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმუშავებს და სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელობას და დამატებითი ტვირთების მოზიდვის აუცილებლობას.

მხარეებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებიც განიხილეს. კობახიძის განცხადებით, თბილისი დაინტერესებულია ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით.

პრემიერ-მინისტრმა ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ემომალი რაჰმონს ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დუშამბეში ქუჩის გახსნისა და მისი ბიუსტის დადგმისთვის.

მისი შეფასებით, საქართველო-ტაჯიკეთის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო დინამიკურად განვითარდება და ორივე ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება.