გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 11 000-ზე მეტი მეზღვაურის ევაკუაციას გეგმავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

IMO-ს გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესი განცხადებით, ფართომასშტაბიანი ოპერაცია ირანის, ომანის, აშშ-ის, რეგიონის სხვა სანაპირო სახელმწიფოებისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

„ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები და საფუძვლიანად გადავამოწმეთ უსაფრთხო ნავიგაციის პირობები ამ ოპერაციების მხარდასაჭერად“, – განაცხადა დომინგესმა.

მისი თქმით, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზღვაო უსაფრთხოების აღდგენისა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმების შეწყვეტის მიმართულებით.

„ათასობით უდანაშაულო მეზღვაურის მიერ თვეების განმავლობაში გადატანილი სირთულეებისა და ტანჯვის, ასევე მთელ მსოფლიოზე უარყოფითი გავლენის შემდეგ, ღრმა კმაყოფილებით მივესალმები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას“, – აღნიშნა IMO-ს ხელმძღვანელმა.

ევაკუაციის გეგმის მიხედვით, სრუტეში ორი დროებითი მარშრუტი ამოქმედდება, ხოლო გემების ეკიპაჟები შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად ინდივიდუალურად მიიღებენ შეტყობინებებს.

გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, რეგიონიდან უსაფრთხოდ გასული გემების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშები გამოქვეყნდება.