რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონებისა და აზოვისა და შავი ზღვების წყლების თავზე 323 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ნიჟნი ნოვგოროდის, ორიოლის, ორენბურგის, პენზას, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, სმოლენსკის, ტულის, მოსკოვის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში და აზოვისა და შავი ზღვების წყლებში.

რუსული მხარის ინფორმაციით, დრონები გაანადგურეს ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზეც.

ამავე ცნობით, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის რამდენიმე აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.