„ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ჯეიმს ჯეი კარაფანო განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არც საქართველოს ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებზე.

„ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი“ ჰქონდეს… მაგრამ ეს არ იმუშავებს. ურთიერთობის წინ წასაწევად ორივე მხარეს ხელშესახები შედეგების დადება მოუწევს“, – აღნიშნა კარაფანომ.

მისივე თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება მკაფიოდ ეფუძნება შედეგებს და არა პოლიტიკურ ჟესტებს.

კარაფანოს განცხადებით, ვაშინგტონი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არ გეგმავს და არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ჩაანაცვლებს.

„აშშ არც მოვა და ქვეყანას არ გამოასწორებს. ეს ჩვენი საქმე არ არის“, –  განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესების გადაწყვეტა თავად ქართველ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, აშშ მზად არის ითანამშრომლოს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც კონკრეტულ შედეგებს აჩვენებს, თუმცა არც ერთი მხარის პრობლემების „გადამჭრელად“ არ იმოქმედებს.