ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა როდრიგესმა. მისი თქმით, ყველაზე მძიმე ვითარება კარაკასის მახლობლად მდებარე ლა-გუაირას შტატშია, თუმცა რეგიონიდან სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შესაძლოა, ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10 000 ადამიანზე მეტი იყოს.

სტიქიური უბედურების ფონზე, აშშ-მა ვენესუელისთვის დახმარების მობილიზება დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, სამედიცინო რესურსები და ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება.

„ამ რთულ დროს ამერიკა ვენესუელელი ხალხის გვერდით დგას“, – აღნიშნა რუბიომ სოციალურ ქსელში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ვენესუელას საჭირო დახმარება აღმოუჩინოს. თავის მხრივ, დელსი როდრიგესმა ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენესუელა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუდმივ კავშირზეა.