“ მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.