ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ორი მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლებიც აშშ-სთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სატარიფო ვალდებულებების შესრულებისთვის არის საჭირო. ამით შეთანხმების ამოქმედებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მანამდე, ევროპარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობა 440 ხმით 151-ის წინააღმდეგ მიიღო.
ახალი წესები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
შეთანხმება, რომელიც 2025 წლის ივლისში შოტლანდიაში გაფორმდა, ითვალისწინებს ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე 15%-იან ტარიფს, ხოლო აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფების გაუქმებას.
დოკუმენტის მოქმედების ვადა 2029 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული. მის ამოქმედებამდე ექვსი თვით ადრე ევროკომისია შეთანხმების შედეგებს შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში მისი გაგრძელების საკითხზე იმსჯელებს.
შეთანხმება ასევე მოიცავს „დამცავ მექანიზმებს“, რომლებიც პირობების გადახედვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე ვალდებულებებს დაარღვევს.