ვენესუელაში ზედიზედ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები კარაკასსა და მის მიმდებარე ქალაქ ლა გუაირაში დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებიდან კვლავ ისმის დახმარების თხოვნის ხმები, რის გამოც არსებობს შიში, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ბევრი მოქალაქე დაზიანებულ შენობებში დაბრუნებას ვერ ბედავს და ღამეს ქუჩებში ათევს.

ცნობისთვის, ვენესუელაში პირველი მიწისძვრა 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა. მას 39 წამის შემდეგ 7.5 მაგნიტუდის კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი მოჰყვა, რამაც მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელას დახმარებას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია სთავაზობს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და პორტუგალია ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გაგზავნიან, ხოლო ევროკომისია საერთო ევროპულ რეაგირებას კოორდინაციას გაუწევს.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვენესუელაში მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ჯგუფებს გაგზავნის.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპმა ლეომ დაზარალებულებისთვის 100 000 ევროს ოდენობის საგანგებო დახმარება გამოყო, რომელსაც მომავალში დამატებითი მხარდაჭერაც მოჰყვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა კოლუმბიამაც. ბოგოტას მერის, კარლოს გალანის განცხადებით, ქალაქი ვენესუელაში სპეციალიზებულ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გაგზავნის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ორგანიზაცია მჭიდრო კავშირშია ვენესუელის ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით სამედიცინო პერსონალსა და ჰუმანიტარულ მარაგებს გაგზავნის.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, შეერთებული შტატები ვენესუელელ ხალხს სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება და ამ მიზნით თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტები კოორდინირებულად მუშაობენ.

დაზარალებულთა დასახმარებლად ნაბიჯები კერძო სექტორმაც გადადგა. კომპანია Starlink-მა განაცხადა, რომ 25 ივლისამდე ვენესუელაში ინტერნეტს უფასოდ მიაწვდის როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს Starlink-ის ტერმინალების დაჩქარებული განთავსებაც, რათა ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში კავშირი რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

მედიის ცნობით, ვენესუელის მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც მოსახლეობას დროებით უფასო ინტერნეტს, სატელეფონო კავშირსა და სატელევიზიო მომსახურებას სთავაზობენ, რათა სტიქიის შემდეგ ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაციის შენარჩუნება შეძლონ.