რუსეთმა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გადაწყვეტილების შედეგად, ამ ეტაპზე სომხეთიდან რუსეთში თევზისა და თევზის პროდუქტების მიწოდება სრულად შეჩერებულია.
„როსსელხოზნადზორის“ განმარტებით, მანამდე სომხურ მხარეს თევზის ყველა პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვეს, გარდა ორი კომპანიის – შპს „მფ ექსპორტისა“ და შპს „ინვესტ პლუსისა“, რომლებიც შემოწმების პროცესში მონაწილეობდნენ. ამ კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგი.
უწყების ინფორმაციით, შემდგომი ანალიზის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირებაც დროებით შეჩერდა, ვიდრე ადრე გამოვლენილი დარღვევები არ აღმოიფხვრება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნება წარმოდგენილი.
„როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ სომხურ მხარესთან თანამშრომლობას აგრძელებენ, რათა რუსეთის ბაზარზე გასატანი თევზისა და თევზის პროდუქტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.