ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 26 ივნისის 13:00 საათიდან რეგიონული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქსიონოვის თქმით, გადაწყვეტილება სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულ ე.წ. გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევთან კოორდინაციით მიიღეს. მისი განმარტებით, საგანგებო რეჟიმი ფინანსური, საბანკო, საკრედიტო, სახელშეკრულებო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად.

„ეს რეჟიმი საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად გადავჭრათ საკითხები, რომლებიც მოსახლეობის საარსებო პირობებისთვის მნიშვნელოვანი სფეროების სტაბილურ ფუნქციონირებას უკავშირდება“, – განაცხადა აქსიონოვმა.

მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა 26 ივნისიდან შემდგომ შეტყობინებამდე იმოქმედებს.

უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის დეფიციტი და კრიზისი სულ უფრო მწვავდება.