სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილების“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯარო განცხადებების გაკეთება, მისი თქმით, რეალური სამედიცინო შეფასების გარეშე, „აბსურდის თეატრია“.

პატარიძემ აღნიშნა, რომ, სანამ მსჯავრდებულის მდგომარეობა მის მკურნალ ექიმთან ერთად არ შეფასდება, ბრიფინგებით კომუნიკაციას აზრი არ აქვს.

„სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს მართლაც აბსურდის თეატრია. როდესაც ექიმი ამბობს, რომ ადამიანი საშინელ ტკივილებს განიცდის და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრება პენიტენციურ სამსახურს, ვფიქრობ, ეს ყველაფერს მოკლებულია“, – განაცხადა პატარიძემ.

მისივე თქმით, თუ საჯარო განცხადებები გაგრძელდება და პროცესი კონკრეტულ ქმედებებზე არ გადავა, შესაძლოა, „სხვა ნაბიჯების“ გადადგმა გახდეს საჭირო.

„თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმესა და პროცესების მართვაზე, მაშინ უკვე იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა ამ ეტაპზე ვიცავ მსჯავრდებულის ინტერესებს“, – აღნიშნა გიორგი პატარიძემ.