შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა რუსთავში მიუსაფარ ძაღლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს და სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.