აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანში რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც 25 ივნისს ირანმა, მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით შეუტია კომერციულ სატვირთო გემ „ევერ ლავლის“ (Ever Lovely), რომელიც სინგაპურის დროშის ქვეშ დაცურავდა და ომანის სანაპიროს გასწვრივ ჰორმუზის სრუტიდან გამოდიოდა.
ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა.
„აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ირანის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საცავებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე დარტყმები განახორციელა. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.