ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მიზნით 343 მილიონ ევროს გადასცემს. თანხა ევროკავშირის გარანტიებისა და შერეული დაფინანსების გრანტების ფორმით გამოიყოფა.

ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ევროკომისიამ, ასევე საფრანგეთისა და ფინეთის მთავრობებმა გააფორმეს შეთანხმებები, რომლებიც ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში სამრეწველო პოტენციალის გაფართოებას ითვალისწინებს.

შეთანხმებები უკრაინის აღდგენის საკითხებზე გამართული კონფერენციის (URC 2026) ფარგლებში, გდანსკში გაფორმდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები ქვეყანას 700 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. ინვესტიციები მიმართული იქნება უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების, სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსების, საავიაციო მრეწველობის, მოწინავე სანავიგაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაზე.

უწყების შეფასებით, საფრანგეთთან და ფინეთთან გაფორმებული შეთანხმებები უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.