აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის ტერიტორიაზე დამატებითი ავიადარტყმები განახორციელეს. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, ოპერაცია ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ ჩატარდა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ნაღმების განთავსების პოზიციებზე.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ მანამდე, ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თეირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა, მათი მტკიცებით, ირანმა შეთანხმება დაარღვია და პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის წინააღმდეგ თავდასხმის დრონი გაუშვა.

„ცენტრალური სარდლობის ძალებმა დარტყმები ირანის მიერ კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ განახორციელეს. სამიზნე გახდა სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, დრონების შესანახი და ნაღმების განთავსების ობიექტები“, – აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება ამ დროისთვის შეუფერხებლად გრძელდება.

მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.

Reuters-ის ცნობით, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და „ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას გამოიწვევს“.