ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და „საფარის“ – საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე წარდგენილი საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ნიშნავს. ინფორმაციას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საქმეს „მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის“ სტატუსი მიანიჭა. ორგანიზაციის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს როგორც საკუთარ პრაქტიკაზე, ისე ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ფართო საზოგადოებრივი საკითხების განვითარებაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქმის არსებითი განხილვის დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას დაექვემდებარება და შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ცნობისთვის, ხუთმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართა.